არ არის საჭირო! – “ქართული ოცნება” რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ არ განიხილავს | 22.05.2023

“ქართული ოცნება” რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ არ განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ვერ დაუწესებს რუსეთს სანქციებს, რადგან ეს  ომისა და ეკონომიკური კრიზისის რისკებს ქმნის. პაპუაშვილის თქმით, ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, სინამდვილეში, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება სურს. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს უჭერს. სანქციების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გაირკვა, რომ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის,  დასანქცირებული სერგეი ლავროვის ქალიშვილი მეუღლესთან ერთად, სასტუმრო „ყვარლის ტბის” კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილი იყო დაგეგმილი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. კალაძის თქმით, ოპოზიცია, რომელიც ამ მოთხოვნას აჟღერებს,  თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.

ოპოზიცია კი, მმართველ გუნდს საკუთარი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს. სანქცირებული ლავროვის სანათესაოს საქართელოში შემოშვების შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ  “ქართული ოცნება” რუსულ ინტერესებს ატარებს.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და სასტუმროში  ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება იგეგმებოდა. არასასურველი სტუმრების ქორწილი საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიშალა.   ყვარლის ტბასთან,  სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 17 პირი დააკავეს. მათ შორის იყო  პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია. დაკავებულები უკვე თავისუფლები არიან.