რუსეთის სანქცირებულ პორტში ბათუმიდან ტვირთები შედის – სომხური მედია | 22.05.2023

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ   რუსეთის სანქცირებულ პორტში ბათუმიდან ტვირთები შედის. ამის შესახებ ცნობილი სომხური მედიიდან ხდება.  სომხური გამოცემა ArmenPress-ის ცნობით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. სომხური მედიის ინფრომაციით,  ეს მარშრუტი ზემო ლარსის პუნქტის ალტერნატივად შეიძლება გამოდგეს, რადგან სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით ტვირთის ტრანსპორტირება ხშირად შეფერხებებთან არის დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, ამ მარშრუტის დახმარებით პროდუქტი დანიშნულების ადგილს 20-24 საათის განმავლობაში აღწევს. მედიის ინფორმაციით,  ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სააგენტო აღნიშნავს, რომ აპრილის თვეში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით თუმცა   ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი.  უწყების ცნობით,  აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.   საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება რომ, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება.