შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – გავრილოვი | 19.05.2023

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის ვიზიტსაც 2019 წელს მასობრივი საპროტესტო აქცია და ათასობით ადამიანის დარბევა მოჰყვა, არ გამორიცხავს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს. სერგეი ​გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა.   გავრილოვის აზრით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა “ხელს შეუწყობს შეიქმნას სრულფასოვანი საკონსულო დახმარება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის”.

“შეზღუდული ავიამიმოსვლა საქართველოსთან ძალაში 2019 წელს შევიდა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მაშინ, თბილისში ჩვენი ტურისტებისთვის ყოფნა უსაფრთხო არ იყო. ამ მომენტში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ავიამიმოსვლა აღდგენილია და გაუქმებულია სავიზო რეჟიმი საქართველოში ჩამომსვლელი ჩვენი მოქალაქეებისთვის.   ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა. ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მისი მიმდევრობა დემოკრატიულ პრინციპებზე. ჩვენი ერები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ჩვენ გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა,” – სერგეი გავრილოვის ინტერვიუ.