საქართველომ პირდაპირი ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა. უწყებაში აცხადებენ, რომ ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის.
“ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას. მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა,” – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება.