ოკუპანტების მიერ ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორიას მკველობის დღეს, ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდა. რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში 70-მდე მგზავრი ჩამოიყვანა. ოკუპანტი ქვეყნიდან მომავალ მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე სრული კომფორტი ჰქონდათ შექმნილი და შამპანიურითაც კი უმასპინძლდებოდნენ. მოსკოვი-თბილისის რეისი საქართველოში დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩამოფრინდა.
მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს “ქართული დელეგაცია” ჩამოჰყვა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე, მერაბ ჭიქაშვილი ხელმძღვანელობდა. პირველი რეისით ჩამოფრენილი მგზავრები არ პასუხობენ მთავარ კითხვას – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, თუმცა, როგორც პირველი მგზვარები ამბობენ ძალიან კმაყოფილები და გახარებულები არიან.
რუსულ ავიაკომპანია “აზიმუტს” თბილისის საერტაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები პროტესტით დახვდნენ. ’’ აქ არ მოგესალმებიან’’ „არა რუსულ ფრენებს” – ისმოდა შეძახილები. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პოლიციამ ექვსი მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ჰქონდა მიღებული.
პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც აეროპორტის მიმართულებით მსვლელობით წავიდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი იყო, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში არ უნდა იფრინონ, მათი პროტესტის მთავარი ადრესატი კი “ქართული ოცნებაა”. როგორც ისინი ამბობენ, მმართველ პარტიას დაუფასდა ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც რამდენიმე წელია ატარებს.
მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით, 2019 წლის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი დღეს შესრულდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.