პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 13 ივნისამდე გადაიდო – ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. მხარეები დღეს სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგნენ. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გრიგორიადისის წინააღმდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებს და საქმეში ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას გამორიცხავს.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. მას სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.