გაუშვებს თუ არა „ქართული ოცენება“ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსლეში | 18.05.2023

“ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის ბრიუსელში გამგზავრების ეშინია.  როგორც მმართველი გუნდის  თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს. კობახიძე ფიქრობს, რომ   პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს სწრაფვას  კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვა ისევ არ გაუცია – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და მიუთითებს, რომ მათ მთავრობას ჯერ კიდევ  27 აპრილს მიმართეს.  სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში 31 მაისს არის დაგეგმილი.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ რომ, ღარიბაშვილს არ  სურს  სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკეთოს პროევროპული  განცხადებები. ამბობენ იმასაც, რომ “ქართული ოცნება” სწორედ პოლიტიკური მოტივით უზღუდავს ზურაბიშვილს კონსტიტუციურ უფლებას. ოპოზიციაში  თვლიან, რომ პრეზიდენტმა  სამართლებრივ გზასაც უნდა მიმართოს.

სალომე  ზურაბიშვილს ევრპარლამენტში  ვიზიტი თავდაპირველად 18 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა  გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი “მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი” იყო.