გარიგება “ოცნებასთან” თუ არასწორi კომუნიკაცია – ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში | 18.05.2023

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო. კენჭისყრის პროცედურის წინ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა არცერთი კანდიდატისთვის დღეს მხარი არ დაეჭირათ. შესაბამისად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა. მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს. ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც მესამე ტური მომავალ სასესიო კვირაში გაიმართება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა,  მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით  კონსულტაციები გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი, ოპოზიციურ სპექტრში და განსაკუთრებით  ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილების მიზეზი გახდა. გარიგება ქართულ ოცნებასთან, კლანის გაძლიერება და ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება. ეს შეფასება კეთდება მას შემდეგ რაც გუშინ  ნაცინალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატმა  მოულოდნელად  მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” კანდიდატებს. ქართულ ოცნებასთან გარიგებასა და ოპოზიციის ღალატში დადანაშუალებული დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი   ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის რიგებში აღარ ირიცხებიან.

17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს – ტრისტან ბენაშვილი , გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი. ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.  კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი – 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.