რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ „ჯორჯიან ეარვეიზი“გახდა მეორე კომპანია, რომელმაც ქართული მხარისგან ფრენებზე ნებართვა მიიღო, რუსული „აზიმუტის“ შემდეგ. ქართული ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია თბილისი-მოსკოვის ბილეთები. რეისებზე ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი კი 950 ლარს აჭარბებს. Georgian Airways იმ კრიტიკას პასუხობს, რომელიც მათმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ავიაკომპანია თანამშრომლების სახელით განცხადებას ავრცელებს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პატრიოტები არიან და არ ესმით, რატომ არის კრიტიკა მოსკოვში ფრენების დაწყებაზე.
“შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან! ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად “გვამკობენ” მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით. „ჯორჯიან ეარვეისი“ ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები ახდენდნენ აფხაზეთის ომის დროს ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული. 2008 წლის ომის დროს ჯორჯიან ეარვეისი იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვიკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი. აქვე ხაზგასასმელია, რომ „ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები. სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!” – ჯორჯიან ეარვეისის თანამშრომლების განცხადება.
ქართული ავიაკომპანიის თანამშრომლების თქმით, “შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ”.