რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა – დავის საგანი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის | 17.05.2023

ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდეგნაზე.  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე,  განაცხადეს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფოს ქვეყანა. მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობა კრემლისგან იღებს საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, 15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.  15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში, თუმცა ის სანქცირებულია უკრაინის მიერ. კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.