ნიკა მაჭუტაძე, როსტომ და ნატო ჩხეიძეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას ტოვებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მმართველ პარტიასთან “გარიგებაზე” საუბარი ტყუილია. ამის შესახებ დეპუტატებმა ბრიფინგზე ისაუბრეს.
ხმაური საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. მალევე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ისინი ამბობენ, რომ მათი კოლეგების ნაწილი გარიგებაში არიან “ქართულ ოცნებასთან”, რადგან მხარი დაუჭირეს მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატებს. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). როგორც ირკვევა, ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა მათივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი “გაიყიდა” და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. სამი წევრის არჩევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრები დროებით შეწყდა და დარჩენილ კანდიდატებს ტექნიკური შესვენების შემდეგ უყარეს კენჭი, თუმცა მათ ასარჩევად საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს.ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრების დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, კენჭს მეორე ტურში უყრიან.