თურქეთში არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. წინასწარი შედეგებით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტს 49,42% აქვს, თითქმის 45% მის კონკურენტს ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს. მეორე ტურში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ოპოზიციის კანდიდატიც დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს. თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა პარტიამ, ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რასაც ელოდნენ.