სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” არ არის ევროპული ოცნება – მაიკლ როთი | 12.05.2023

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ქართული ოცნების” მიერ ევროპელი სოციალისტების გაერთიანების დატოვების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას აღმაშფოთებელს უწოდებს. როთის თქმით, ევროპის სოციალისტური პარტიის     იდეოლოგიური ტრანსფორმაცია არ მომხდარა და “სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება”.

“აღმაშფოთებელია! არ არსებობს ევროპის სოციალისტური პარტიის   “იდეოლოგიური ტრანსფორმაცია”. სოციალური დემოკრატია ყოველთვის და ყველგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლის ერთგულია! სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება” – წერს როთი.

„ქართულმა ოცნებამ”  ევროპის სოციალისტური  პარტიის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.    ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში გეგმავდა. მიზეზი კი პრემიერის განცხადებები გახდა.  ირაკლი ღარიბაშვილი  უნგრეთში 4 მაისს  იმყოფებოდა, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.”ევროპელი სოციალისტების პარტიამ”, პრემიერის გზავნილები ღიად  დაგმო  და  მათი რიგებიდან “ქართული ოცნების” გარიცხვა  გასულ კვირას დააანონსა.   ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან თანამშრომლობის გადახედვაზე „საჯარო მუქარა“ მათთან კომუნიკაციის გარეშე გაისმა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის სოციალისტურ პარტიის” იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალხის ფასეულობებთან.