პუტინის გადაწყვეტილება პოლიტიკური განხილვის მთავარი საკითხია თბილისში | 12.05.2023

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, პუტინის გადაწყვეტილება პოლიტიკური განხილვის მთავარი საკითხია.  სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, რომ შესაძლოა   ქართული კომპანიები სანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ – ოპოზიციამ ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვა.  ოპოზიციის შეფასებით, მოსკოვთან ფრენების აღდგენა, დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმული პირდაპირი ნაბიჯია.

“ქართულ ოცნებაში” ისევ იმეორებენ, რომ ეს არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ დაცული იქნება როგორც საერთაშორისო რეგულაციები, ისე უსაფრთხოების წესები.

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მიერ 10 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულებებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა გაუქმდა, 15 მაისიდან კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.  პუტინის გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროში თქვეს, რომ  სანქცირებული კომპანიები ან ხომალდები რეისებს ვერ განახორციელებენ.