სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ გამოცემამ წერილის ასლი მოიპოვა. როგორც „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი, ჯიმ რიში მოითხოვენ, საქართველოში „არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რომელიც საქართველოს მომავალ, 2024 წლის არჩევნებს დააკვირდება“ იმისთვის, რომ „მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს და ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს“. ორივე სენატორი, 2012 წლის არჩევნებზე, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნიათ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც.
სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის ე.წ. 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.