რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
ამავდროულად, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.