ფაშიზმზე გამარჯვების დღე თბილისში – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა | 09.05.2023

დილიდან ხალხმრავლობა იყო  ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ  და ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. სამამულო ომის მონაწილეები 9 მაისის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ და  იმ ემოციებს იხსენებენ, რომელიც ზუსტად 78 წლის წინ ამ დღეს ჰქონდათ.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაშიზმის დამარცხებისთვის ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო და ჩვენი ქვეყნის როლი ბოროტების წინააღმდეგ შეუფასებელია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება. საქართველოში კი გამარჯვების დღეს 9 მაისს ზეიმობენ. ხელისუფლება  თარიღების  გადანაცვლებასთან  დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას მანიპულაციას  უწოდებს.   მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა, მათი  ნახევარი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.  1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა.