დილიდან ხალხმრავლობა იყო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. სამამულო ომის მონაწილეები 9 მაისის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ და იმ ემოციებს იხსენებენ, რომელიც ზუსტად 78 წლის წინ ამ დღეს ჰქონდათ.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფაშიზმის დამარცხებისთვის ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო და ჩვენი ქვეყნის როლი ბოროტების წინააღმდეგ შეუფასებელია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება. საქართველოში კი გამარჯვების დღეს 9 მაისს ზეიმობენ. ხელისუფლება თარიღების გადანაცვლებასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას მანიპულაციას უწოდებს. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა, მათი ნახევარი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა.