ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ყველაფერი – შს მინისტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე | 05.05.2023

შინაგან საქმეთა მინისტრი,  არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი მტკიცებულებები გაყალბდა და გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებელ სერგო შუბითიძეს დაულუქავი მიუტანეს. როგორც ვახტანგ  გომელაური განმარტავს, გარდაცვლილის ყველა ნივთი, მათ შორის ტელეფონი, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, რაც ვიდეო-კამერითაა გადაღებული. შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უკვე გამოიკითხა საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელმაც ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი რამდენიმე დღეში, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა საქმეს 5 თვის განმავლობაში იძიებდა და როგორც საბოლოოდ განაცხადა, 23 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.