სპეცოპერაცია აღმაშენებლის გამზირზე – ვის ეკუთვნის სავარაუდო ქოლცენტრი | 05.05.2023

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრი იყო განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სამართალდამცავები ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმაშენებლის 75 ნომერში ფინანსურმა პოლიციამ ორი ოფისი დალუქა. ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკაა  ამოღებული. სამართალდამცველები  ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე შენობა შპს “მისანს” ეკუთვნის და  რამდენიმე მეწილე ჰყავს. წილის ყველაზე დიდი ნაწილი, 33% ლომგულ ჭკუასელს ეკუთვნის.  წილის 25%-ს ფლობს დავით ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა. დავით ვაშაძე იმ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს, სადაც სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა. გიორგი ვაშაძის ძმა აცხადებს, რომ მას კავშირი მხოლოდ მეორე სართულზე მდებარე სასტუმროსთან აქვს. ხოლო გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით არ იცნობს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძე, ასევე უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნის. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პარტია “სტრატეგია აღამშენებელი”. ამბობენ, რომ ე.წ ქოლ-ცენტრებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაური ამბობს რომ ტყუილია, თითქოს ქვეყანაში “ქოლ-ცენტრებს” ხელისუფლება მფარველობს. მინისტრის თქმით, აქტიურად მუშაობენ, რომ “ქოლ-ცენტრები” მაქსიმალურად დაიხუროს და საქართველოში მათი ფუნქციონირება დასრულდეს.

ბოლო პერიოდში, ქოლ ცენტრების საქმე ბიბისის რეზონანსული საგამოძიებო ფილმის შემდეგ გააქტიურდა.  რეპორტაჟში  ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურად საქართველოს  თავდაცვის ყოფილ  მინისტრს, დავით კეზერაშვილს ასახელებს.