„პოლიციის ქალაქი“ – პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 12 და 13 – სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება | 05.05.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.   ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.  ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.

პროექტი საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 – სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.  პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ – 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.