კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომ მან რკინის მაგიდას დაარტყა თავი, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ „ლუქს“ პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ არის. მისივე განმარტებით, სააკაშვილის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა.
მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედის” კლინიკურ დირექტორს პასუხობს და წერს, რომ ის იტყუება. მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, გონების კარგვის დროს, მასთან პალატაში იმყოფებოდა ექთანი და პენიტენციურის თანამშრომლები. მესამე პრეზიდენტი კლინიკას მოუწოდებს, ამოიღოს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე კი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. მას ზურაბ ჩხაიძის განცხადებების არ სჯერა.