კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დადგმული – აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ | 04.05.2023

კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დადგმული და რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დარტყმა შიგნიდან და მიზანმიმართულად იყო ინსცენირებული – ამის შესახებ აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტში“ საუბრობენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ინსცენირებით კრემლი ცდილობს შექმნას პირობები ფართო საზოგადოების მობილიზაციისთვის.

პარალელურად, მოსკოვი კვლავ ამტკიცებს, რომ კრემლზე თავდასხმის მცდელობა იყო ზელენსკის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და რუსეთი ამას სათანადო პასუხს გასცემს.

„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. მათი მტკიცებით, თავდასხმისთვის ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მათი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს.  “ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა სხვა გზა აღარ რჩება”- განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.  ბრალდებებს უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პუტინს და მოსკოვს თავს არ ესხმის. მისი თქმით, უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე იბრძვიან.

“ჩვენ პუტინს და მოსკოვს თავს არ ვესხმით, ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის… ამიტომაც, ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას საერთაშორისო ტრიბუნალს დავუტოვებთ. ყოველდღიურად ამა თუ იმ ნაბიჯებს იგონებენ, მაგრამ ყველაფერი მარტივად გვარდება: არავის დაშინება არ არის საჭირო, არ არის იარაღის გამოყენება საჭირო, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გახვიდეთ,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.