რადიკალური პრორუსული დაჯგუფება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას ითხოვს | 03.05.2023

რადიკალური ძალადობრივი და პრორუსული  დაჯგუფება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში,  ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის” ლიდერებისა და  „ალტ-ინფოს” წარმომადგენელთა ავტორობით მომზადებულ კანონპროექტის პაკეტის განხილვა დაიწყება.  კანონპროექტი მიზნად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ისახავს. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოს, და კონსტანტინე მორგოშიას მიერ მომზადებული დოკუმენტში, ვკითხულობთ, რომ  „აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას   2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას“.  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების თანახმად კი კანონის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმდება 5000 ლარით ან 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.   კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევებისთვის კი „სისხლის სამართლის კოდექსში“ გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელთა თანახმად, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისთვის“ სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა ითვალისწინებს.

ალტ-ინფოს გარდა ანტიდასავლური და ჰომოფობიური გეგმები აქვს  პარტია “ევროპელ სოციალისტებსაც”, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია აპირებს კანონპროექტის მომზადებას, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას, გარდა ამისა  ფრიდონ ინჯია აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს ყველა ის მოთხოვნა რომელიც რამდენიმე დღის წინ უცნობის აქციაზე გაჟღერდა, მათ შრის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან  შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის შესახებ  მოთხოვნა.