საკანონმდებლო ორგანო, დეპუტატებს შორის კვლავ დაპირისპირების ეპიცენტრი – მწვავე განცხადებები სესიაზე | 02.05.2023

საკანონმდებლო ორგანო, დეპუტატებს შორის კვლავ დაპირისპირების  ეპიცენტრი იყო. პოლიტიკური ბრალდებები უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისმოდა. საპარლამენტო ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” რეგლამენტისა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საკითხი, რომლის კენჭისყრაც გადაწყვეტილია, შეფერხების შემთხვევაში მომდევნო სხდომის დღის წესრიგში ავტომატურად გადადის, რაც უმრავლესობამ თვითნებურად შეცვალა. პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ შევიდა საკითხი სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის ინიციატივა სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩააგდო.