თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ინტერვიუ მისცა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ეჭვი აქვს საქმის მთავარი მტკიცებულებები გაყალბების შესახებ. პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. უწყების განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ „არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.
“პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ–გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე,” – პროკურატურისგანცხადება.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პირველი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა მან ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. როგორც მისმა უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა შუბითიძე ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.
სერგო შუბითის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ითხოვენ, საგამოძიებო უწყებამ გახმაურებულ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი რამდენიმე დღეში, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა საქმეს 5 თვის განმავლობაში იძიებდა და როგორც საბოლოოდ განაცხადა, 23 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.