საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი, პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. ამ შუამდგომლობას არ დაეთახმა ბრალდების მხარე. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია. დღესვე, წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო პროცესის პარალელურად, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც ადგილზე დაიწვა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.