საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ზბიგნევ რაუმ ოფიციალური შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო, სადაც უწყების ხელმძღვანელს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. საგარეო უწყების პირველი პირების პირისპირ შეხვედრაზე, ყურადღება, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, უკრაინაზე და საქართევლოს ევროკავშრიში გაწევრიანებაზე გამახვილდა. საგარეო უწყებაში მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ სიტყვა პოლონურად წარმოთქვა, თუმცა უწყებაში პოლონური ენის თარჯიმნები არ იმყოფებოდნენ. რის გამოც სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. სტუმრის სიტყვის თარგმანი უწყებამ მოგვიანებით გაავრცელა. ერთობლივ ბრიფინგზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული გამოსავალი იპოვოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. როგორც პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, მათ არაერთხელ უსაუბრიათ ამ საკითხზე ქართულ მხარესთან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაშეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბშვილთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი ქვეყანაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.