მთავარი პრობლემები უმუშევრობა, გაზრდილი ფასები და სიღარიბე – ასეთია “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” – IRI – საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევის შედეგები. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ორს აქვს 3 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა.კითხვაზე, ამ კვირაში რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს მოსახლეობის პასუხები ასეთია: “ქართული ოცნება” – 19%; “ნაციონალური მოძრაობა” – 14%; პარტიები: “საქართველოსთვის” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 3-3 პროცენტი; “ლეიბორისტული პარტია” -“ლელო” – “გირჩი” – “სტრატეგია აღმაშენებელი” ; პარტია “ხალხისთვის” და”მოქალაქეები” – 2-2 პროცენტი; “დროას “ევროპული საქართველოს” და “ალტ-ინფოს 1 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ”;
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, IRI-ის კვლევების მიხედვით, შემცირდა როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რეიტინგი. 2022 წლის მარტში პარტია”ქართული ოცნებას” – 31%; ხოლო”ნაციონალური მოძრაობას” – 16% უჭერდა მხარს.
ამავე ორ პარტიას აქვს ყველაზე მაღალი უარყოფის რეიტინგი. კითხვაზე, რომელ პარტიას არ დაუჭერდნენ მხარს არასოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა: “ნაციონალური მოძრაობას” – 39%; “ქართული ოცნებას” – 34%; “ალტ-ინფო” – 16%; “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 13%; “პატრიოტთა ალიანსი” – 13%; “გირჩი” – 13%; “ევროპული საქართველო” – 13%.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია – გამოკითხულთა 42% აცხადებს რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.
კვლევის მონაწილეებს კითხვები დაუსვეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებითაც. კითხვაზე, საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის შესახებ გამოკითხულთა 25% პასუხობს, რომ ის პრორუსულია. 20 % თვლის, რომ უფრო პრორუსული, ვიდრე პროდასავლური. 21 % თვლის, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული და გამოკითხულთა მხოლოდ 17% თვლის, რომ მთავრობის კურსი სრულად პროდასავლურია. გამოკითხულთა 87% ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა რუსულ კანონს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. მოქალაქეები ეთანხმებიან, რომ: უცხოური აგენტების კანონის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას ასევე უმეტესობა თვლის რომ უცხოური აგენტების კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან აახლოებს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა. გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ. ასევე გამოკითხულთა 63 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. კვლევის მიხედვით, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვიც (80%). გამოკითხულთა 65% “სრულად” უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი – “ნაწილობრივ”.
ახალ კვლევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხიც მოხვდა. მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა. კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.
IRI-ის კვლევაში უპირველეს პრობლემებად დასახელდა უმუშევრობა, მაღალი ფასები და სიღარიბე. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის სამი ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის, პირველ პასუხად გამოკითხულთა 38% ეკონომიკურ განვითარებას, 18% დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ხოლო 12% უმუშევრობას ასახელებს. გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
IRI-ის კვლევის პერსონალურ რეიტინგებში ისევ საქართველოს პატრიარქი ლიდერობს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ილია მეორე გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს. რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ხოლო მეოთხე ადგილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით იკავებს. კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა რეიტინგებში ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო. ექსპრეზიდენტს 36 პროცენტი, ხოლო ბიძინა ივანიშივლს 35 პროცენტი აქვს. სააკაშვილის მსგავსად 36 პროცენტი აქვს ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას, ხოლო 35%-შალვა ნათელაშვილს, 33-33% აქვთ -ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს, 31-31% – ალეკო ელისაშვილს და ირაკლი კობახიძეს, 29%-მამუკა ხაზარაძეს, 27-27%- შალვა პაპუაშვილს და ლევან ხაბეიშვილს, 26-26%- ბადრი ჯაფარიძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, 19%-პეტრე ცისკარიშვილს, 17%- გიგა ბოკერია, ხოლო 9%- პაატა მანჯგალაძე აქვს.
IRI-ის კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.