NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველო ალიანსის უახლოესი პარტნიორია და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია იყო. მისი თქმით, რუსული აგრესია არის “ტოქსიკური აქტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს”, რასაც, “საქართველო და ქართველი ხალხი კარგად იაზრებს”.
დღესვე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.