“არა რუსულ კლანს სასამართლოში” – ამ სახელწოდებით, უზენაეს სასამართლოსთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია გაიმართა. მათი თქმით, ვიდრე სასამართლო კორუმპირებული და პოლიტიკურად მართული მოსამართლეების ხელშია, მართლმსაჯულება ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ოპოზიციის განმარტებით, დღევანდელ აქციასთან კავშირშია ის, რომ 7 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს – მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა და მათ და მათი ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.