შიდაპარტიული დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” მწვავდება – ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ. საგანგებო ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ ხაბეიშვილმა მისი წინამორბედის ნიკა მელიას მხარდამჭერების დასჯა დაიწყო რაც მათი შეფასებით კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას პარტიაში. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ახალი დაპირისპირების მიზეზი საკრებულოს სიის კორექტირება გახდა. ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები: ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღეს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც შიდაპარტიული არჩევნების პერიოდში ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს და ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებდნენ.
ბათუმის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები პასუხობენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან თანაგუნდელები იმ მიზეზით ამოიღეს, რომ ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს არ ატარებდნენ. ბრალდებებს პასუხობენ თბილისშიც.
ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მელია წერს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს. მისი თქმით, ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ.