რამდენიმე დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა აქონდროპლაზიის დაიგნოზის მქონე ბავშვების პრობლემებზე მთავრობის სხდომაზე ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებაზე. მისი თქმით, ეს თანხა არ არის კრიტიკული, მაგრამ წამალი გამოცდას გადის და საჭიროა მოცდა, რომ მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცეს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ამ საკითხის მოსაგვარებლად სჭირდება დრო და ნაკლები ემოციები, რათა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს წამლის მიცემით უარესი შედეგი არ დაუდგეთ.
პრემიერმა მშობლებს, რომლებიც უკვე მე-6 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ მოუწოდა, არ გამოაყენებინონ თავი პოლიტიკოსებს და არ მიიღონ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ,აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში უსმენდნენ. მათი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის განცხადების მიუხედავად, არ შეცვლილა. ახლა მშობლებისთვის მნიშვნელოვანია კითხვებზე პასუხი პრემიერისგან თავად მიიღონ.
უცვლელია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაც. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში დანერგვის საკითხზე განხილვა და მუშაობა გრძელდება. ჯანდაცვის სამინიტროს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს პრეპარატის მწარმოებელთან, ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თამარ გაბუნიას განცხადებით, აუცილებელია, პროცესი კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას რამდენიმე დღეა მართავენ. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანა. ამბობენ, რომ მედიკამენტი, რომელმაც უკვე მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს მთავრობის სხდომამდე აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასთან წინააღმდეგობის დროს ერთ-ერთმა მშობელმა გონება დაკარგა ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.