უწყვეტი მშვიდობის პერიოდი – ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” 11 წელს აჯამებს | 21.04.2023

“უწყვეტი მშვიდობის პერიოდი” – ასე აჯამებს  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი  “ქართული  ოცნების” 11 წელს  და “მიღწევებზე” საუბრობს. გავრცელებულ განცხადებაში  ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის რიტორიკას არც ამჯერად ღალატობს,  კვლავ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობს.  პრემიერს განცხადებაში, არც ბიძინა ივანიშივლის ქება გამორჩენია. მისი თქმით,  ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნა იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

“გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან. სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით. მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, – ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა – კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით – წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ – ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ,” – ღარიბაშვილი ქართული ოცნების 11 წლისთავზე.

ირაკლი ღარიბაშვილის  წერილის  შემდეგ განცხადება გაავრცელა მმართველმა პარტიამაც.   წერილში წერია რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის  პირველი ხელისუფლება რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია და  უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა. ამ განცხადებაშიც  ქართული ოცნების პროგრესზეა საუბარი და გაკრიტიკებულია წინა ხელიუსლფება. მმართველი პარტია წერილში მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს. ისინი განცხადებაში ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს უწოდებენ.