როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – “ქართული ოცნება” პოზიციას არ იცვლის | 21.04.2023

ოპოზიციის მობილიზების მიუხედავად  გუშინ, “ქართულმა ოცნებამ” დემონსტრაციულად უკვე მესამედ, მოსამართლეთა სოლიდარობის არგუმენტით რეგისტრაცია არ გაიარა, შესაბამისად კენჭისყრა ვერ შედგა.  ოპოზიცია პარლამენტში ისევ 50 ხმით იყო წარმოდგენილი. ოპონენტებმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს. მათი თქმით, პარლამენტში ბოლო სამ დღეში მიმდინარე მოვლენებით დადასტურდა, აღმასრულებელ  ხელისუფლებასა და სასამართლო კლანს შორის არსებული დანაშაულებრივი კავშირები.

მმართველი პარტია პოზიციას არ იცვლის. ამბობენ, რომ  არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას.  მათი თქმით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, ქართული მართლმსაჯულება და დამოუკიდებლობის ხარისხი  დაცული იყოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მორიგი მცდელობა ოპოზიციას მომდევნო პლენარულ სხდომაზე  ექნება.  მათი  მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ გააქტიურდა.