პროკურატურა თაღლითური ქოლცენტრების საქმეებზე გამოძიებიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | 21.04.2023

პროკურატურა ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში. ეწყებამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

“საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და უშუალოდ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაშიც, გამოძიებით გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე .. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობას, აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი .. მოქმედი ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ძვირადღირებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ასევე, საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის მარტში, თაღლითური ონლაინპლატფორმებისა და სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, მორიგი სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა ქმედებების შედეგად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 33 000 მოქალაქეს, 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა. გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე,” – საქართველოს პროკურატურის განცხადება.