პეტიცია საკანონმდებლო ცვლილებაზე – აქტივისტების საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ | 21.04.2023

მარტის აქციებზე  დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა,  კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია,  რომლითაც ითხოვენ აქტივისტების საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.   მათ ერთობლივი განცხადება პარლამენტის შენობასთან გააკეთეს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც აქტივისების ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს.   ისინი პეტიციით ასევე ითხოვენ, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გირაოთი გათავისუფლდეს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს,  განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც ადგილზე დაიწვა.   21 წლის  ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.