ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს დილით კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.სტოლტენბერგის ვიზიტი და მისი კორტეჟი ქალაქის ცენტრში კილომეტრიანი საცობის მიზეზი გახდა, თუმცა მძღოლები უსიამოვნებას გაგებით შეხვდნენ. მათი ნაწილი მანქანიდან გადმოვიდა და ნატო-ს დელეგაციას ესალმებოდა.
მისი პირველი ვიზიტი კიევში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ სტოლტენბერგმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრით დაიწყო.ზელენსკის თქმით, მათთვის სტოლტენბერგის ვიზიტი იმის ნიშანია, რომ ალიანსი მზად არის უკრაინასთან ურთიერთობაში ახალი თავი დაიწყოს – ამბიციური გადაწყვეტილებების თავი.პირისპირ შეხვედრის შემდეგ ზელენსკის და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მოუწოდა ალიანსს უკრაინის ნატოში ვადაზე ადრე გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი.ზელენსკის თქმით, ნატოს გენერალურ მდივანთან დღეს ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს თქვა, რომ უკრაინის მომავალი ნატოში და ევროატლანტიკური ოჯახშია და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზა ივლისის სამიტზე განიხილება, სადაც უკრაინის ლიდერია მიწვეული.
სტოლტენბერგის კიევში ვიზიტზე კომენტარი კრემლის პრესმდივანმა გააკეთა. პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა.
უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების იმედი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრთა შორის კიევის პერსპექტივებზე აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც დასავლური მედია არაერთხელ წერდა, ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ომის დროს კიევის ალიანსთან კავშირების გაღრმავებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პუტინის ნარატივს რუსეთსა და ნატოს შორის ბრძოლის შესახებ და გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია, მათ შორის ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგება.თებერვალში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. მან თქვა, რომ სამიტს დაესწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს რეალურ ნაბიჯებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ, როგორიცაა ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ან ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა.მარტში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს წარუდგინა დოკუმენტი “პრაქტიკული და პოლიტიკური” წინადადებებით კიევისთვის, როგორიცაა მაგალითად ახალი დეკლარაცია კიევის ურთიერთობების შესახებ ნატო-სთან, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ უკრაინა რაღაც მომენტში გახდება ალიანსის წევრი.