„ოცნების“ პრინციპული სოლიდარობა მოსამართლეებს და სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრა | 20.04.2023

“ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა უკვე მესამედ ჩააგდო. უმრავლესობის წარმომადგენლებმა სესიაზე რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს. ამ გადაწყვეტილების მოტივად მმართველმა გუნდმა ისევ “მოსამართლეების სოლიდარობა” დაასახელეს. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მესამე დღეა, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მობილიზებულია იმისათვის, რომ ინიციატივას კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

ოპოზიციის ინიციატივა დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ქართულმა ოცნებამ” პროცედურული მანიპულაციებით ბოლო სამ დღეში სამჯერ დაბლოკა. არადა სწორედ “ქართული ოცნების” ინიციატივით ჩაიწერა კანონში, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია. კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე ორჯერ ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიარეს.