გაფიცვა რიკოთზე – რას ითხოვენ რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მძღოლები | 20.04.2023

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან, რომელიც რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ. დასაქმებულთა ინფორმაციით ისინი დღეში 9 საათის განმავლობაში მუშაობენ და მათი დღიური ანაზღაურება 33 ლარს შეადგენს. გაფიცულები სამუშაო დროის 8 საათამდე შემცირებასა და დღიური ანაზღაურების 50 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.  „ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლებმა  ხელმძღვანელობას მათი მოთხოვნები გააცნეს და საპასუხო შეთავაზება მოისმინეს, რაც მათთვის მიუღებელია.

გაფიცული მძღოლები ამბობენ, რომ მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ხელფასის მომატების გარდა გაფიცულები არასათანადო სამუშაო პირობებსაც აპროტესტებენ.  დასაქმებულების ინფორმაციით, ადგილზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, სამუშაოები რისკებთან არის დაკავშირებული.

ადგილზე ჩავიდა  ჩინეთის სამშენებლო კომპანიის წარმოამდგენელი დავით სუჯაშვილიც. თუმცა,  მისი თქმით სიუტაციის დეტალების  გაცნობამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.

გაფიცული მძღოლები ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კორპორაციაში არიან დასაქმებული. ეს კომპანია რიკოთზე ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთს აშენებს. ხევი-ჩუმათელეთი ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია. აქ განვითარებული  მეწყრული პროცესების და ქვათაცვენის გამო რამდენიმე დღე რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მიმოსვლა აკრძალული იყო. რიკოთის გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.