რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარა-მურზას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მარტში დახურულ რეჟიმში დაიწყო, ვინაიდან მასალები გასაიდუმლოებულია.
კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და დაუფარავად აკრიტიკებს სასამართლო პროცესს. მან განაცხადა, რომ არა თუ ნანობს, არამედ პირიქით, “ამაყობს” თავისი თითოეული სიტყვით. კარა-მურზა ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას. ის რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა. პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დააკავეს. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს. ვლადიმერ კარა-მურზა რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა. დიდმა ბრიტანეთმა დაგმო კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას “პოლიტიკურად მოტივირებული” განაჩენი და რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.