გაკვირვებული ვარ ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო – მელია პარტიის შიდა დაპირისპირებაზე | 17.04.2023

“გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე   ნიკა მელია პარტიის შიდა დაპირისპირებას.  ის განმარტავს, რომ ახალი ოფისის გახსნის აუცილებლობა წარმოშვა “წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებულმა ყრილობამ”, რომელმაც, მისივე თქმით, პარტია, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაყო.

“გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო.  ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო. სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!” – ნიკა მელიას განცხადება.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეების გადაწყვეტილებას, ახალი ოფისის გახსნის საკითხს, პარტიის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკრიტიკებს. ხაბეიშვილი მისივე პარტიის წევრებს მოუწოდებს შეეგუონ  ჩატარებული არჩევნების შედეგებს.  ლევან ხაბეიშივლი ამბობს, რომ თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მათი საქმეა და ამის კონსტიტუციური უფლებაც აქვთ.

არის თუ არა ახალი ოფისის გახსნა ახალი პარტიის შექმნის წინაპირობა -ეს ჯერ უცნობია.  ყოფილი თავმჯდომარე და მისი თანამოაზრეები “ნაციონალურ მოძრაობას” არ დატოვებენ. აანონსებენ პარტიის გაჯანსაღებას, რისთვისაც ცენტრალური ოფისის ნაცვლად, უკვე ახალი მისამართიდან იბრძოლებენ.