თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრას. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა და არ არის გამორიცხული, კიდევ იყოს საქმე, რომელიც “ძარცვის შედეგად არის გამოწვეული”. მინისტრი ბიბისის საგამოძიებო ფილმს გამოეხმაურა. თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მისი განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართველმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.
დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ამაზე დიდი ხანია საუბრობს ოპოზიის გარკვვეული ნაწილი. ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მმართველი გუნდის მხირდან კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ამახვილებს ყურადღებას. თეონა აქუბარდიას ეჭვებს უჩენს ის ფაქტი რომ ქართულმა ოცნებამ წლების შემდეგ, ახლა გადაწყვიტა ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. მისი შეფასებით ქართულ ოცნებას ამ საქმეების გამოსაძიებლად 12 წელი ჰქონდა.
BBC-იმ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. თავად კეზერაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან და აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს.