რატომ გადადო პრეზიდენტმა ევროპარალმენტში დაგეგმილი ვიზიტი | 14.04.2023

რატომ გადადო პრეზიდენტმა ევროპარალმენტში დაგეგმილი ვიზიტი, ამ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილი მედიას პასუხს არ სცემს, თუმცა, პრეზიდენტის ჩაშლილ ვიზიტზე საუბრობს ოპოზიცია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი,  ანა ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, აღმასრულებელი ხელისფულება  ბარიერს უქმნის პრეზიდენტს.

მთავრობის ადმინისტრაციამ  საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით გუშინ უპასუხა.   ადმინისტრაციის განმარტებით, ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა – მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს , და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.  მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ქართული ოცნების ხელისფულების პირობებში, სიტყვის, მუშაობისა და აზრის გამოხატვის უფელბა არავის ეზღუდება, მათ შორის,არც პრეზიდენტს.

სტრასბურგში პრეზიდენტის ჩაშლილ ვიზიტს ტვიტერზე, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და ფაქტს  სამწუხარო უწოდა.

18 აპრილს, სტრასბურგში  პრეზიდენტის   ვიზიტი, სადაც სალომე ზურაბიშვილი  ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.