“მისტერ ოფშორი” – ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, BBC-იმ 47 წუთიანი საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია. დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე საპოლიციო რეიდში მიიღეს მონაწილეობა. აღმოჩნდა რომ BBC-ის კამერა საქართველოში, ჩატარებულ სპეცოპერაციას იღებდა. BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას დაესწრო, რომელსაც ასევე გერმანელი პროკურორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაციის პარალელურად კიდევ 30 რეიდი განხორციელდა. საგამოძიებო ფილმის მიხედვით თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 000 მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც.
დავით კეზერაშვილი დამაკავშირებელი რგოლი იყო გამოძიებაში ნახსენებ სხვა პირებს შორის, რომლებიც ფლობენ თაღლითურ კომპანიებს ან მართავენ – დავით თოდუა, მიხეილ ბენიმინი, იოსებ მგელაძე, რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა მათ შორის კავშირების დოკუმენტური დასაბუთება ვერ იძებნება, მაგრამ სხვა ირიბი მტკიცებულებები მოჰყავს, მაგალითად პირადი კავშირები.
BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტები ესაუბრნენ თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლს. ფილმში ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან. ერთ-ერთი ქართველი, ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც BBC-სთან ანონიმურად საუბარი არჩია, აცხადებს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რას აკეთებდა.
გერმანელი პროკურორი, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მუშაობს, BBC-ის ფილმში აცხადებს, რომ საქმით ბრიტანეთის საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს. პროკურორის თქმით, ბრიტანეთის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს პასუხისმგებლობაა, საქმეს სამართლებრივი პერსპექტივიდან შეხედოს.
BBC-ის გადაღებული აქვს “მისტერ ოფშორის” ჩელსიში მდებარე 18 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლიც. ჟურნალისტური გამოძიება დაზარალებული პენსიონერების გარდა საუბრობს იმ ათასობით ახალგაზრდაზეც, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს. ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა ძირითადად კიევსა და თბილისში იყო განთავსებული.
BBC-ის საგამოძიებო ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდი ეძღვნება “მილტონ ჯგუფის” 3 წლის იუბილეს, სადაც ასობით ადამიანია შეკრებილი, სწორედ ეს ადამიანები არიან, იმ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც მხილებული არიან თაღლითური სქემით პირებისთვის თანხების გამოძალვაში. ფილმში ნაჩვენებია იუბილის ამსახველი კადრები, სადაც ისმის დავითის სახელი და მას ყველაფრის შემოქმედად მოიხსენიებენ. გამოძიების მიხედვით დგინდება, რომ ეს არის დავით თოდუა. მასთან ერთად BBC-ის ჰყავს კიდევ გაშიფრული რამდინიმე პერსონა, რომლებიც მათი მტკიცებით, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები არიან. BBC-ის სქემაში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე რომლებიც იყვნენ კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები.
ე.წ. ქოლცენტრების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა საქართველოს პროკურატურაშიც. საგამოძიებო უწუყებამ დეტალურად ისაუბრა იმ საგამოძებო მოქმედებებზე რასაც ქართველები ევრო ჯასტთან ერთად ატარებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ სქემაში მონაწილე პირების ნაწილი დაკავებულია, ნაწილზე კი გამოძიება ისევ მიმდინარეობს.
„ევროჯასტი“ და „ევროპოლი“ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროჯასტმა“ და „ევროპოლმა“ მხარი დაუჭირეს კოორდინირებულ მოქმედებას ონლაინსაინვესტიციო პლატფორმების თაღლითობის საქმეზე, რომლითაც, სულ მცირე, 33 000 ადამიანი დაზარალდა, ზარალის ოდენობამ კი დაახლოებით 89 მილიონ ევროს მიაღწია. განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში კი 15 ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ხუთ არაკანონიერ ქოლცენტრში. ჟურნალისტური გამოძიების სრული ვიდეო ვერსიის გასაჯაროების შემდეგ დავით კეზერაშვილს BBC-სთვის აღარ უპასუხია, მანამდე კი თქვა, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირი არ აქვს და აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს.