BBC-ის საგამოძიებო მასალა., რომლის ფიგურანტი დავით კეზერაშვილია, თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების მთავარი საკითხია. ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტური გამოძება, სადაც ე.წ. ქოლცენტრების სქემის ორგანიზატორად, დავით კეზერაშვილია დასახელებული მმართველი გუნდისთვის სარწმუნო ინფორმაციაა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესთან ძალიან ახლოს არის. მისი თქმით, კეზერაშვილის სახელის გარშემო დიდი ხანია ტრიალებს „ქოლ-ცენტრების“ თემა, მაგრამ ასე ზუსტად და მკაფიოდ აქამდე ეს სქემა წარმოდგენილი არ ყოფილა. გია ვოლსკი ოპოზიციასაც პასუხობს. მისი თქმით, უსუსრობაა იმის თქმა, რომ BBC-მ სტატია ბაობაბის, ან რიკოთის თემის გადასაფარად მოიგონა.
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს რომ, დავით კეზერაშვილი ქართულ ოპოზიციაში პოზიტიურ როლს ვერ ითამაშებს. კუპრაძის თქმით, საქართველოს კეთილსინდისიერი ბიზნესმენები სჭირდება და არა ოლიგარქები.
ამერიკსი შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის მსგავსი გამოძიება “მნიშვნელოვანი კომპონენტია” და იმედოვნებს, რომ გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურები გამოიძიებენ. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან დღეს, ისაუბრა. დიპლომატს ჰკითხეს, რამდენად სანდოა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განიხილავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილისთვის სანქციების დაწესებას.
12 აპრილს BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილიც. BBC-ის გამოძიებას გუშინვე გამოეხმაურა დავით კეზერაშვილი. იგი აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან და აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს.