მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს | 13.04.2023

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში  ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს. უმაღლესი რანგის ჯილდოთი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ცერემონიალი ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მას მესამე პრეზიდენტის დედა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე უკრაინისა და საფრანგეთის დელეგაციები და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.  ღონისძიების ჩატარების ადგილას სიმბოლურად გამოფინეს ე.წ. პიჯაკების საქმის ის დეტალები, რომელიც მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ბრალდების საქმეში დევს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის განკუთვნილი ჯილდო მის დედას, გიული ალასანიას, გადაეცა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა  ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც. ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ფრანგი ინტელექტუალი, პოლიტიკური ფილოსოფოსი და მწერალი ბერნარ-ანრი ლევიც.  მან თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა და ხელისუფლების შეცდომების გამო ევროკავშირში გაწევრიანების შანსი დაიკარგება.