საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა. სოლიდარობის აქციის პარალელურად კი 200-მდე ტრაილერის მძღოლი, რომელთაგან 50-მდე საქართველოს მოქალაქეა, ფრანკფურტში აქციას მართავდნენ. დაზარალებული ქართველი ტრაილერის მძღოლების ინფორმაციით, მათ პოლონელი დამსაქმებლისგან ორთვენახევრის ანაზღაურება არ აუღია. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ სატვირთო მანქანის მძღოლები ნამუშევარ ხელფასს არ აიღებენ.