რიგგარეშე სესიის ჩაგდების გამო ოპოზიციის ნაწილი ხელს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებისკენ იშვერს | 11.04.2023

ოპოზიციას გეგმები ჩაეშალა. თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ინიციატივას დაეთანხმებოდა, წესით დღეს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესია უნდა გამართულიყო, რომელზეც მოსამართლეთა საქმეების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე უნდა ემსჯელათ. როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, მათი გეგმები ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების, ლევან ხაბეიშივილისა და ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრებამ შეცვალა. ორი დეპუტატის საქართველოში არ ყოფნის გამო კი, პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობის შეგროვება ვერ მოხერხდა.

რიგგარეშე სესიის ჩაგდების გამო საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებისკენ იშვერს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ანი წითლიძესა და ლევან ხაბეიშვილს ვიზიტის გაუქმება შეეძლოთ. რადგან პრეზიდენტისთვის, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით გაგზავნილ წერილზე მათი ხელმოწერებიც იყო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ სასესიო კვირას, როცა ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება, ყველა დეპუტატი დარბაზში იყოს.

დიდი ალბათობით ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მომავალ სასესიო კვირას დაუბრუნდება. ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ საგამოძიებო კომისიამ სასამართლოში კორუფციის, ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შემთხვევები გამოიძიოს.