ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვები – რა ბრძანება გასაცა შალვა პაპუაშვილმა | 07.04.2023

„ტვ პირველის” ჟურნალისტი, რომელსაც,პარლამენტის თავმჯდორმარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით,  საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ელისო ბოლქვაძეს,სავარაუდოდ,  სანქცირებულ მოსამართლეებზე დასმული კითხვა არ მოწეონა და ეს გახდა მისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი. „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი , ნოდარ მელაძე, ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს მედიაომბუდსმენს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას  გაასაჩივრებენ სასამართლოშიც და იუნესკოსაც მიმართავენ.

“ტვ პირველის” ჟურნალისტის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ აკრედიტაციები შეუჩერა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თათია წოწონავას და ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს. აკრძალვა შეეხო მათ ოპერატორებსაც. ოპოზიციონერი დეპუტატები  ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის დაბრუნებას ითხოვენ, მათი თქმით, მიუღებელია მედიისთვის ცენზურის დაწესება.

შალვა პაპუაშვილი უარყოფს ფაქტს, რომ ჟურნალიტებს, აკრედიტაცია კითხვის შინაარსის გამო შეუჩერა.  ბრძანების გაუქმებას  კი არ აპირებს.   პარლამენტის თავმჯდომარემ   მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, კარგად წაიკითხონ რა წერია მათთვის დაწესებულ ქცევის ნორმებში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მედიის აკრედიტაციის წესი პრობლემურია და შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

“როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ – პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას  წარმოადგენს.   საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს,” – სახალხო დამცველის განცხადება.

მედიას ქცევის წესები საკანონმდებლო ორგანოში  პირველი მარტიდან  დაუწესეს, რომლის თანახმადაც “დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს”. გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია – საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით  შეუჩერდება.